UNESCO-ს მიერ აღიარებული კაცობრიობის ზეპირსიტყვიერი და არამატერიალური მემკვიდრეობის შედევრის – ქართული ტრადიციული მუსიკალური კულტურის – შენარჩუნებასა და განვითარებაში, როგორც ჩვენი ქვეყნის ისტორია მოწმობს, ოჯახებს განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის. ამ ტრადიციის გაგრძელება ეროვნული მუსიკალური შემოქმედებისათვის კვლავაც მნიშვნელოვანი მამოძრავებელია.
ამ მიზნისათვის, ფონდი „ქართული გალობის“ გენერალური დირექტორის, ნანა გოთუას ინიციატივითა და ხელშეწყობით გორდელაძეების მომღერალმა ოჯახმა გალობის უნივერსიტეტის ხმის ჩამწერ სტუდიაში „ქართული გალობა“ პირველი აუდიოალბომი ჩაწერა. ალბომის პრეზენტაცია გალობის უნივერსიტეტში გაიამრთა.
„ძალიან სიმბოლურია დღეს გალობის უნივერსიტეტში გორდელაძეთა მომღერალი ოჯახის სტუმრობა. მნიშვნელოვანია იმით, რომ სულ რამდენიმე დღის წინ, 17 მაისს, ჩვენმა ქვეყანამ იზეიმა ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე. სწორედ ამის ნათელ მაგალითს წარმოადგენს გორდელაძეების ოჯახი გურიიდან, რომლებიც გახლავთ ჩამობრძანებული დღეს უნივერსიტეტში“ – აღნიშნა ალბომის პრეზენტაციაზე ფონდის გენერალურმა დირექტორმა ნანა გოთუამ.
ალბომი აერთიანებს გორდელაძეების ოჯახის მიერ შესრულებულ ძველ და ახალ გურულ ხალხურ სიმღერებს. საოჯახო ანსამბლში მღერის დედა და რვა შვილი. ანსამბლის ხელმძღვანელია გალობის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული გიორგი გორდელაძე.
გაწეული ამაგისათვის ფონდი „ქართული გალობის“ სპეციალური ჯილდო „მადლიერების ჩიტი“ ფონდის დირექტორმა, ნანა გოთუამ, ნათია ღაჟონიას – და-ძმა გორდელაძეების დედას გადასცა.
ღონისძიებაზე საოჯახო ანსამბლს პირველი აუდიოალბომის გამოცემა მიულოცა ფონდი „ქართული გალობის“ დამფუძნებელმა ვანო ჩხარტიშვილმა, ფოლკლორის ცენტრის დირექტორმა გიორგი დონაძემ, გურული სიმღერის დიდოსტატმა ტრისტან სიხარულიძემ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ და გურიის სამხარეო რწმუნებულმა გიორგი ღურჯუმელიძემ. პრეზენტაციას ესწრებოდნენ მოწვეული სტუმრები: ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია. პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ აპარატის უფროსი ავთანდილ კუნჭულია და ოზურგეთის კულტურის ცენტრის დირექტორი კობა ბანძელაძე.

















Discussion about this post