2022 წლის 25 მაისს გაფორმდა მემორანდუმი რომის სასულიერო მუსიკის პონტიფიკალურ ინსტიტუტსა და გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლეს სასწავლებელს შორის!
იმის გათვალისწინებით, რომ ორივე ინსტიტუტი საუნივერსიტეტო დონისაა და ორივე ავრცელებს ფუნდამენტურ და ზოგად მუსიკალურ სწავლებას სასულიერო მუსიკის სპეციალიზირებულ მიმართულებაზე, სასწავლებლები ითანამშრომლებენ სპეციალიზებული სასწავლო კურსების ორგანიზებაში: სემინარები, კონცერტები, მასტერკლასები, კონფერენციები, სწავლებები.
განხორციელდება ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტები და ასევე დაიგეგმება აკადემიური პერსონალის მობილობა მოკლევადიანი გაცვლითი პროგრამის ფარგლებში.
ორი ინსტიტუტი ერთმანეთთან შეათანხმებს აკადემიურ კურსებთან დაკავშირებული სწავლებისა და დიდაქტიკის წარმოების ინიციატივებს იმ სასწავლო კურსების საფუძველზე, რომელიც თითოეულ ინსტიტუტს გააჩნია.
მემორანდუმის გაფორმებას რომის სასულიერო მუსიკის პონტიფიკალურ ინსტიტუტში დაესწრნენ: რომის სასულიერო მუსიკის პონტიფიკალურ ინსტიტუტის რექტორი – მაესტრო მონსინიორ ვინჩენცო დე გრეგორიო; წმინდა საყდართან საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ქალბატონი ქეთევან ბაგრატიონ-მუხრანბატონი; საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, ბატონი მიხეილ ჩხენკელი; ბიზნესმენი და მეცენატი, ფონდ „ქართული გალობის“ დამფუძნებელი, ბატონი ივანე ჩხარტიშვილი; გალობის უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ქალბატონი ნანა გოთუა; გალობის უნივერსიტეტის დეკანი – თამარ ჩხეიძე, ანზორ ერქომაიშვილის სახელობის საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორი – გიორგი დონაძე და ანსამბლ „ბასიანის“წევრები.
მემორანდუმის გაფორმებამდე სიტყვით წარდგნენ: მაესტრო მონსინიორ ვინჩენცო დე გრეგორიო, საქართველოს ელჩი ვატიკანში ქეთევან ბაგრატიონ მუხრანბატონი, საქართველოს განათლების მინისტრი ბ-ნი მიხეილ ჩხენკელი და გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებლის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ქ-ნი ნანა გოთუა.
გალობის უნივერსიტეტის შესახებ პრეზენტაცია კი სასწავლებლის დეკანმა, ქალბატონ თამარ ჩხეიძემ წარმოადგინა.
მემორანდუმის გაფორმების ოფიციალური ნაწილის შემდეგ, რომის სასულიერო მუსიკის პონტიფიკალურ ინსტიტუტის კაპელაში, საორგანო და ქართული საეკლესიო მუსიკის კონცერტი გაიმართა, სადაც ანსამბლ „ბასიანის“ წევრებმა ქართული საგალობლები შეასრულეს.
ამ დღით დაიწყო ახალი და ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი ორივე უნივერსიტეტის ისტორიაში, რაც დიდ წვლილს შეიტანს სასწავლებლების განვითარებაში!
რომის სასულიერო მუსიკის პონტიფიკალურ ინსტიტუტსა და გალობის უნივერსიტეტს შორის დადებული მემორანდუმი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ორ ქვეყანას შორის კულტურულ-საგანმანათლებლო ურთიერთობების გაღრმავებაში.
Discussion about this post