საქართველოს კულტურის სამინისტროსა და ფონდ „ქართული გალობის“ მხარდაჭერით 4-18 ივნისს თორაძის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი 2025 გაიმართა. ფესტივალის ფარგლებში მაყურებლის წინაშე ქართველი და უცხოელი ვარსკვლავები წარდგნენ. პროგრამა მოიცავდა კონცერტებსა და მასტერკლასებს. თორაძის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი თავისი მრავალფეროვანი რეპერტუარით მიმდინარეობდა სხვადასხვა ადგილებზე: თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდი დარბაზი, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი, მარჯანიშვილის თეატრი, ამბროლაურის დავით თორაძის სახელობის ხელოვნების სკოლა, ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებელი, საჩხერის დავით თორაძის სახელობის სამუსიკო სკოლა.
ფესტივალზე მსმენელის წინაშე წარდგნენ საერთაშორისო დონის შემსრულებლები – ლუდოვიკ ტეზიერი (ბარიტონი), რეიჩელ უილის სორენსენი (სოპრანო), ანალიზა სტროპა (მეცო სოპრანო), ფრანჩესკო დემურო (ტენორი), გიორგი ანდღულაძე (ბანი), თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ორკესტრი კარლო მონტანაროს დირიჟორობით, ედიშერ სავიცკი (ფორტეპიანო), ვერიკო ჭუმბურიძე (ვიოლინო), გიორგი ლონდარიძე (კონტრაბასი), ნოდარ ჟვანია (ალტი), გიორგი ჯორჯაძე (ჩელო), ანსამბლი „ბასიანი“, ასევე, საჯარო სკოლების გუნდები გალობის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულების ხელმძღვანელობით, თბილისის ახალგაზრდული ორკესტრი მირიან ხუხუნაიშვილის დირიჟორობით და სხვა მონაწილეები.
მესამე საფესტივალო წელი დახურა ლიანა ასათიანის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილმა საღამომ – „მსუსხავი სილამაზე“. საღამოს ფარგლებში ოთხ ახალგაზრდა ნიჭიერ მონაწილეს – ანა პაიჭაძეს, მარიამ ურუშაძეს, ნინო თვაურსა და გიორგი არაბიძეს ერთწლიანი სტიპენდია გადაეცა.

















Discussion about this post