საქველმოქმედო ფონდი „ქართული გალობა“ ქართული ტრადიციული გალობის შემსრულებელი საუკეთესო საეკლესიო გუნდებისა და მკვლევართათვის არტემ ერქომაიშვილის სახელობის ქართული გალობის შემსრულებელთა და მკვლევართა საერთაშორისო კონკურსს აცხადებს. საპრიზო ფონდია 20 000 ლარი.
კონკურსის მიზანია ქართული ტრადიციული გალობის შემსრულებელი საეკლესიო გუნდების სტიმულირება და საუკეთესო გუნდების წარმოჩენა.
საუკეთესო საეკლესიო გუნდის გამოსავლენად კონკურსი ჩატარდება ორ ტურად:
I ტური – კონკურსანტთა მიერ გამოგზავნილი აუდიოჩანაწერების მოსმენა-გადარჩევა, რის შედეგადაც გამოვლინდება II ტურზე დაშვებული მონაწილეები – არა უმეტეს 15 გუნდისა. I ტურში აუცილებელია 3 აუდიოჩანაწერის გამოგზავნა (მათგან, „სადა“ სტილის საგალობელი შეიძლება იყოს არა უმეტეს ერთისა).
II ტურის ჩატარებამდე ერთი თვით ადრე, ჟიური განსაზღვრავს 30 საგალობელს, საიდანაც II ტურზე, კონკურსანტები შეასრულებენ იმავე ჟიურის მიერ კონკურსის დღეს შერჩეულ სამ საგალობელს. II ტურზე გამოვლინდება 5 საუკეთესო გუნდი, ხოლო სამი მათგანი დაჯილდოვდება პრემიის გადაცემის ცერემონიაზე.
კონკურსში მონაწილეობისას შეგიძლიათ იხელმძღვანელოთ ქართული ტრადიციული საეკლესიო საგალობლების გამოცემული კრებულებითა და ხელნაწერებით.
კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს ერთგვაროვანი (მამაკაცთა/ქალთა) შემადგენლობის მოქმედ საეკლესიო გუნდს, რომელიც ფლობს წინამდებარე დებულებით განსაზღვრულ, მთელი წლის სამგალობლო რეპერტუარს. ერთი ფიზიკური პირი შეიძლება იყოს კონკურსში მონაწილე მხოლოდ ერთი საეკლესიო გუნდის შემადგენლობაში.
ნომინაციაში ქართული ტრადიციული გალობის შემსრულებელი საუკეთესო საეკლესიო გუნდი გაიცემა სამი პრემია:
ა) პირველი პრემია – 5 000 ლარი
ბ) მეორე პრემია – 3 000 ლარი
გ) მესამე პრემია – 2 000 ლარი
კონკურსანტმა გუნდმა უნდა წარადგინოს:
- განაცხადი;
- სამი საგალობლის აუდიო ან ვიდეოჩანაწერი (მათგან, „სადა“ სტილის საგალობელი შეიძლება იყოს არა უმეტეს ერთისა);
- გუნდის ფოტო და CV;
- ეპარქიის მმართველი მღვდელთმთავრის მიერ დამოწმებული ცნობა ღვთისმსახურებაში მონაწილეობისა და გუნდის შემადგენლობის შესახებ.
გრაფიკი:
- I ტურისათვის დოკუმენტაციისა და ჩანაწერების მიღება დასრულდება 1 სექტემბერს;
- სექტემბრის პირველ დეკადაში გამოქვეყნდება საკონკურსო 30 საგალობლის ჩამონათვალი
- II ტური გაიმართება ოქტომბრის პირველ დეკადაში
საუკეთესო მკვლევართა გამოსავლენად კონკურსი ჩატარდება ერთ ტურად:
სამეცნიერო ნაშრომების კონკურსზე გამარჯვებულთა გამოვლენა ხდება შემდეგი ნომინაციების მიხედვით:
ა) საუკეთესო ფუნდამენტური კვლევა (4000 ლარი);
ბ) საუკეთესო გამოყენებითი კვლევა (4000 ლარი);
გ) საუკეთესო ახალგაზრდული სამეცნიერო პუბლიკაცია (2000 ლარი).
კონკურსში მონაწილეთა სქესი და ასაკი შეუზღუდავია, გარდა ნომინაციისა „ახალგაზრდული სამეცნიერო პუბლიკაცია“, სადაც მონაწილის ზედა ასაკობრივი ზღვარი განისაზღვრება 35 წლით.
კონკურსში მონაწილობის მისაღებად განაცხადისა და დოკუმენტაციის წარდგენა შესაძლებელია ფიზიკურ ან დისტანციურ ფორმატში.
განცხადების ფორმა მკვლევართათვის
განცხადების ფორმა შემსრულებელთათვის
საკონტაქტო ელ. ფოსტა.: infochanting@gmail.com
გისურვებთ წარმატებას!
Discussion about this post