პროექტი „ჩვენებურების სიმღერა ინეგოლიდან“ თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრისა და ფონდ „ქართული გალობის“ ორგანიზებით შედგა. პროექტის ფარგლებში თურქეთელმა ქართვლებმა 2019 წლის 15 აპრილს თბილისში, შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიურ თეატრში საზეიმო კონცერტი გამართეს. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღო 40-მდე 18-დან 80 წლამდე ინეგოლელმა ქართველმა, რომელთა ნაწილიც პირველად ჩამოვიდა საქართველოში.
საღამოზე შესრულდა მე-19 საუკუნის ბოლოს თურქეთში, კერძოდ ინეგოლში გადასახლებული აჭარლების ფოლკლორული სიმღერები და ცეკვები.
საღამოზე შედგა კონსერვატორიისა და ფონდის ოთხენოვანი გამოცემის, „ქართული მრავალხმიანობა დასავლეთ თურქეთში: პიტერ გოლდის ნაკვალევზე“ პრეზენტაცია. წიგნი გასულ წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე იყო წარდგენილი.